რომან კაკულია - კომიტეტის სხდომის დასრულების მიზეზი გახდა კობა გვენეტაძის განცხადება, რომ საქმის საჯაროდ განხილვას „თიბისი ბანკისთვის“ შესაძლოა, ზიანი მიეყენებინა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აზრით, „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით ყველა შეკითხვაზე საჯაროდ პასუხის გაცემას კომერციული ბანკისთვის შესაძლოა, ზიანი მიეყენებინა, სწორედ ეს გახდა კომიტეტის სხდომის დასრულების მიზეზი, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად მიიღო.
„კომიტეტის სხდომა დასრულდა. ამის მიზეზი ის მთავარი განცხადება გახდა, რომელიც კობა გვენეტაძემ გააკეთა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ მზად არის, ყველაფერზე ისაუბროს თუ პასუხისმგებლობას კომიტეტის წევრები აიღებენ, რადგან მისი აზრით, ყველა შეკითხვაზე საჯაროდ პასუხის გაცემას შესაძლოა, კომერციული ბანკისთვის შესაძლოა, ზიანი მიეყენებინა.
აქედან გამომდინარე, კომიტეტის წევრებმა, როდესაც ვიმსჯელეთ, ჩავთვალეთ, რომ ეს განცხადება თითიდან გამოწოვილი არ არის და ლოგიკურია. ამის გამოც კომიტეტის წევრებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, მხოლოდ ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ იყო. ჩათვალეთ, რომ რეგლამენტის მოთხოვნა შესრულდა. ის მოვიდა, მაგრამ რადგან გვენეტაძე საჭიროდ არ თვლის დეტალებზე ისაუბროს და საფრთხის შემცველად მიიჩნევს ამას ბანკისთვის, მივიჩნიეთ, ეს ინფორმაცია ცნობად მიგვეღო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გავითვალისწინეთ.
მესმის, რომ აქ პოლიტიკური ქულების დაგროვების მცდელობა იქნება. ერთგვარი შეფასებები გაკეთდება. მე არგუმენტაციასა და მოტივაციას გიხსნით, რაც ჩვენ გვაქვს. საუბარი დახურულ ფორმატზეც იყო, მომავალში თუ ამის აუცილებლობას დაინახავენ. დღეს ჩვენთვის გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრება გახდა იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც მის მიერ ამ დიალოგში შესვლა შეიცავდა. კობა გვენეტაძემ ასევე თქვა, რომ მარეგულირებელსა და მის მიერ დარეგულირებულ ინსტიტუციას შორის საკითხების საჯაროდ განხილვა არ არის საუკეთესო ფორმატი და ჩვენ ესეც გავიზიარეთ“, – განაცხადა რომან კაკულიამ
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, რომ რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომის დასრულების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მითითებით მიიღო, კაკულიას განცხადებით, მთავარი არგუმენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებები გახდა.
„დღეს ქარი რომ ამოვარდეს, ამის მიზეზიც ბიძინა ივანიშვილი იქნება. ეს ნარატივი გასაგებია. ამაზე პასუხის გაცემას მე არ ვაპირებ. გუშინ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ თუ ვინმე დამიჯერებს, ჩემი გადაწყვეტილების მთავარი არგუმენტი ის განცხადება იყო, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გააკეთა. ამ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვერ ავიღებდი. პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ამ ყველაფრის გაკეთება არ ღირდა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დასრულებულად გამოცხადდა. რომან კაკულიამ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც საფრთხის შემცველად მიაჩნდა „თიბისი ბანკის“ საკითხის საჯაროდ განხილვა.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რატომ არ მიაჩნია ეროვნულ ბანკს მიზანშეწონილად პარლამენტში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის განხილვა. კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტის კომიტეტზე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.
ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „თიბისი ბანკის“ საქმეზე ღია ფორმატში უნდა ემსჯელათ.
საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა, მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ასევე, „თბისი ბანკის“ დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ესწრებოდნენ.