რომან კაკულია - ევროპარლამენტარებს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, როდესაც გიგი უგულავას საკითხზე განცხადებას აკეთებენ
გიგი უგულავას თემას უფრო სიღრმისეულად და გაცილებით უფრო მეტად ვიცნობ, ვიდრე ევროპარლამენტარები, მათ ვალდებულება არ აქვთ, ამ საქმეში სიღრმისეულად ჩაიხედონ, მაგრამ როცა ასეთ განცხადებას აკეთებენ, უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა, რომელიც ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინება უგულავას საქმეზე ბადებს კითხვებს გადაწყვეტილების პროცედურის, დროისა და მოტივაციის შესახებ.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. როცა ასეთ სიტუაციაში ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები ვრცელდება, ადამიანების იმ 45 პროცენტს მივმართავ, ვინც სახლში რჩება და არჩევნებზე არ მოდის. იმ სიტუაციასთან მივედით, როცა საქართველოს მოსახლეობამ ზუსტი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან მას აქვს ყველაზე მეტი ინფორმაცია 2012 წლიდან მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე, რომ ეს მოვლენები შეაფასოს. ამის უნარი არავის აქვს, ამომრჩევლის გარდა, არც ევროპარლამენტარებს და არც ვინმე სხვას. რვა წელია, ეს პროცესები ხელის გულზე მიმდინარეობდა, მოსახლეობამ იცის, ყველა ქვედინება თუ მოტივაცია, რამ განაპირობა მიმდინარე პროცესები. ამომრჩეველს საშუალება უნდა მივცეთ, თავიანთი გადაწყვეტილება მიიღოს და ეს იქნება პასუხი ყველასთვის – დიპლომატებისთვის, ევროპარლამენტარებისთვის“, – განაცხადა რომან კაკულიამ.