რომან კაკულია - ამ ეტაპზე უმრავლესობიდან გადინების ნიშნები არ შეიმჩნევა, მაგრამ მოულოდნელობებისგან დაზღვეული არავინ არის
რომან კაკულია - ამ ეტაპზე უმრავლესობიდან გადინების ნიშნები არ შეიმჩნევა, მაგრამ მოულოდნელობებისგან დაზღვეული არავინ არის

ამ ეტაპზე უმრავლესობიდან გადინებების ნიშნები არ შეიმჩნევა, მაგრამ სამომავლოდ როგორი განვითარება იქნება, ვერ გეტყვით, რადგან როგორც დღევანდელმა ფაქტმა დაგვანახა, მოულოდნელობებისგან დაზღვეული არავინ არის – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა, რომელიც გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

დეპუტატის ცნობით, ნინია კაკაბაძისთვის მხარი არ დაუჭერია და თავი შეიკავა, რადგან საკუთარი მოსაზრებები გააჩნია.

“პირადი დამოკიდებულება არსებობს და ამ შემთხვევაში ადამიანმა საკუთარი შეხედულებიდან გამომდინარე უნდა იხელმძღვანელოს. განსხვავებული პოზიციები წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან უმრავლესობაში ბევრი დეპუტატია, ვისთანაც მიმდინარე საკითხებზე ერთი ხედვა ვერ იქნება. ამაში ტრაგედია არაფერია. რაც შეეხება ფოფხაძეს, მან პირადი გადაწყვეტილება მიიღო. ასეთ დროს უფრო მეტი კონსულტაციაა საჭირო გუნდის შიგნით, მაგრამ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. როცა ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას ღებულობს, ბუნებრივია, ეს ერთი კონკრეტული ფაქტის გამო ვერ იქნება დაგროვილი. ალბათ, ეს იყო ტენდენციები, რომელიც უფრო დიდი დროის განმავლობაში ყალიბდება და გადაწყვეტილება უფრო მყისიერი შემდეგაა”, – აცხადებს კაკულია.

დეპუტატის თქმით, საქართველოში სხვადასხვა მსოფლმხედველობითი ადამიანების გაერთიანება და საერთო ხედვის ჩამოყალიბება თუ არ მოხდება, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება.

“როცა ასეთი რაღაც ხდება და აზრთა სხვადასხვაობაა, რაც საპარლამენტო ცხოვრებამ დაადასტურა, ეს თავისთავად იმაზე მიანიშნებს და გუნდშიც მზაობაა, რომ კონსულტაციების ხარისხი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რათა პოზიციების უფრო მეტი შეჯერება მოხდეს. განსხვავებები შეიძლება აქციო როგორც პოზიტივად, ასევე ნეგატივად. თუ ნება და მართვის გამოცდილება იქნება, ეს შეიძლება იმ სიმდიდრედ იქცეს, რასაც სამომავლოდ განვითარება დაეფუძნება. საქართველოში სხვადასხვა მსოფლმხედველობითი ადამიანების გაერთიანება და საერთო ხედვის ჩამოყალიბება თუ არ მოხდება, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება. ის, რომ ამის შესაძლებლობა “ქართულ ოცნებაში” არის, პოზიტივია და ამას მხოლოდ გამოყენება უნდა. კომუნიკაციის ის ფორმა უფრო სრულყოფას საჭიროებს, რომელიც სხვადასხვა წინააღმდეგობრივ საკითხებზე ერთობლივი პოზიციის ფორმირების პროცესს უფრო სრულყოფილს ახდენს. “ლიდერშიფის” გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ “ქართული ოცნების” თითოეული წევრი თავის თავს დიდ თავისუფლებას აძლევს და ეს “ლიდერშიფის” დამსახურებაცაა, რადგან ის დრო გვახსოვს, როცა ეს დიდი ფუფუნება იყო. ეს რაში გადაიზრდება, დამოკიდებულია “ლიდერშიფის” მოქნილობასა და სიბრძნეზე”, – დასძენს კაკულია.