რომან კაკულია - ეკონომიკურ პრობლემებზე მთავრობის დღევანდელი რეაგირება ადეკვატური იყო, ახლა ვერავინ გათვლის, რა შეიძლება, ექვსი თვის შემდეგ მოხდეს
მთავრობის რეაგირება მყისიერად შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებზე ადეკვატური იყო, მიმაჩნია, რომ არაადეკვატურია ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, თავი რომ ოპოზიციონერი ჰგონია, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, რომან კაკულიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
„საუბარს იწყებს თითქოს, შეწუხებულია დღევანდელი მდგომარეობით, მთელი შინაარსი მათი საუბრის არის ფაქტიურად აღფრთოვანება იმ მოსალოდნელი პრობლემებით, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს ქვეყანას. იმედი მაქვს, საზოგადოება ადეკვატურად შეაფასებს ამას“, – განაცხადა კაკულიამ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მთავრობას აქვს ორი, ფისკალური და მონეტარული ინსტრუმენტი.
„ყველა ეკონომისტმა იცის, რომ ამ სიტუაციაში მონეტარულით, ანუ საპროცენტო განაკვეთით რეაგირება არ არის ეფექტიანი. დარჩენილია ფისკალური ნაწილი და, რადგან აქ მოხდა სამიზნე დარგების შერჩევა და მათზე რეაგირება, ამ ეტაპზე, ეს იყო ადეკვატური. ახლა ვერავინ გათვლის რა შეიძლება მოხდეს ექვსი თვის შემდეგ, ამის ადეკვატური რეაგირება რომ გაკეთდეს. ითქვა, რომ გაგრძელდება კონსულტაციები, იქნება დაკვირვების რეჟიმი, მიმაჩნია, რომ დღევანდელი რეაგირება იყო ადეკვატური“, – ამბობს დეპუტატი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების გეგმა წარადგინა. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლის ბოლომდე დამატებით 300 მლნ ლარი იქნება ინვესტირებული, დასაბრუნებელი დღგ-ს თანხა კი, გაორმაგდება; ასევე ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები პირველ ნოემბრამდე გადაუვადდებათ.
დეპუტატმა, გოგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა შესაძლოა, კონკრეტული სფეროსთვის დროებითი შვება იყოს, მაგრამ არსებითად ვერაფერს გააუმჯობესებს