რომან კაკულია - ზუგდიდში განვითარებულ პროცესებზე ჩამოყალიბებული აზრი ჯერ არც მე მაქვს
ზუგდიდში განვითარებულ პროცესებზე ჩამოყალიბებული აზრი ჯერ არც მე მაქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა.
რომან კაკულია ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„ზუგდიდში განვითარებულ პროცესებზე ჩამოყალიბებული აზრი ჯერ არც მე მაქვს, მაგრამ ალბათ, ცესკო-ს თავმჯდომარე შეფასებებში თავშეკავებული უნდა იყოს, ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს როგორც დღეს, ასევე არჩევნების დროსაც. რადიკალურად დაპირისპირებულ ადამიანებს შორის შესაძლოა, დაპირისპირება მოხდეს, მაგრამ ხელისუფლებამ სიფრთხილე უნდა უზრუნველყოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სერიოზული გართულებები გამოვრიცხოთ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
ზუგდიდში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი – პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ასევე პარტიის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. მოგვიანებით, პოლიციამ პატარაია და წითლიძე გაათავისუფლა, ხოლო მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ამასთან, დღეს ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამაც და აღნიშნა, რომ ზუგდიდის ინციდენტი შესაძლოა, არჩევნებს საერთოდ არ უკავშირდებოდეს.