რომან გოცირიძე - ყველა ოპოზიციური პარტია თანამშრომლობდა არჩევნების პერიოდში და იქნება თანამშრომლობა მომავალ არჩევნებშიც, სისულელეებსა და ჭორებზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს
სრული სისულელეა, ყველა ოპოზიციური პარტია თანამშრომლობდა არჩევნების პერიოდში და იქნება თანამშრომლობა მომავალ არჩევნებშიც ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, „ლელო“ იქნება, „ევროპული საქართველო“ თუ ნებისმიერი პარტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
რომან გოცირიძეს კითხვა დაუსვეს დიმიტრი შაშკინის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც შაშკინი აღნიშნავს: „ხომ ცნობილი ამბავი იყო, რომ ხაზარაძე შეხვდა მელიას და დაჰპირდა პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას, ტელევიზიით მოვისმინეთ, მტკიცებულება არ მაქვს და მელიასგან განსხვავებით, არ მაქვს უფლება, ბრალი დავდო“.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ პარტიული არჩევნების წინა პერიოდში გამოთქმულ ჭორებსა და სისულელეებზე კომენტარის გაკეთება არ ღირს.
„ათასნაირი ჭორი დადის, ამიტომ არ მგონია, რომ მე უნდა გავაკეთო კომენტარი ისეთ საკითხზე, რომელიც არასერიოზულია და, მეორე მხრივ, არ გავაკეთებ იმ კომენტარს, რომელიც იოტისოდენა დაპირისპირებას შეიტანს პარტიაში. სრული სისულელეა, ყველა ოპოზიციური პარტია თანამშრომლობდა არჩევნების პერიოდში და იქნება თანამშრომლობა მომავალ არჩევნებშიც ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, „ლელო“ იქნება, „ევროპული საქართველო“ თუ ნებისმიერი პარტია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება კითხვას, – „რატომ აბრალებს დიმიტრი შაშკინი ნიკა მელიას „ლელოსთან“ გარიგებას?“ – გოცირიძის შეფასებით, „ადამიანებს მოსდით შეცდომები არჩევნების მაღალი ემოციური ფონის გამო“.
„დამთავრდება არჩევნები, ყველაფერი დალაგდება და იქნება მშვიდად. სამწუხაროდ, ის, რაც ითქმის და რა ლაფსაც ზოგიერთები ერთმანეთს ესვრიან, ესეც ჩამოირეცხება, თუმცა სასიამოვნო არ არის, არც ჩამოსარეცხად არ უნდა გაიხადო საქმე.
„ნაციონალური მოძრაობა“ ერთი შვიდჯერ დაიშალა, თუ შეიძლება ასე ითქვას, და დღეს რაც კი პარტიებია, ვისაც გადალახვის ერთპროცენტიანი შანსი აქვს, ყველა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული პარტიაა. სამწუხაროა, რომ იქმნება ასეთი პატარ-პატარა პარტიები, „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები, ეს სულაც არ არის კარგი პროცესი, მაგრამ მე არასდროს გამიკეთებია ისეთი განცხადება, რომელიც, ერთი მხრივ, ავნებდა ზოგადად ოპოზიციას, მეორე მხრივ კი, როდესაც რაღაც პერიოდში ერთად მოგიწევს დგომა, შემდეგ თვალებში ჩახედვის შეგრცხვებოდა. მე არ გავაკეთებ არცერთ განცხადებას, რომელიც ამ არჩევნებში ვითარებას დაძაბავს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის თქმით, რა თქმა უნდა, არის პარტიაში დაპირისპირება, მაგრამ პარტია ამ პროცესიდან უნდა გამოვიდეს ნაკლები ზიანით.
„გამარჯვებული რომ არ გამოვა, ფაქტია და ამის შემდეგ გამარჯვებულმა უნდა აღიაროს დამარცხებულის წარსული, როლი და მომავალი როლი პარტიაში. დამარცხებულმაც უნდა აღიაროს გამარჯვებული, როგორც პარტიის წევრთა უდიდესი ნაწილის მიერ არჩეული. არ უნდა განმეორდეს ის, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება, რომ დამარცხებული მიდის ან აგდებენ, არავინ არ უნდა იყოს გაგდებული ან თავისი ნებით წასული“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
კითხვაზე, – „ვანო მერაბიშვილთან დარჩებით?“ – რომან გოცირიძე პასუხობს, რომ „პარტიაში არის ნახევარი მილიონი მხარდამჭერი, პარტიას ჰყავს ბევრი ლიდერი და არ არის ასოცირებული რომელიმე ერთ ადამიანთან“.