დიმიტრი შაშკინი - ხომ ცნობილი ამბავი იყო, რომ ხაზარაძე შეხვდა მელიას და დაჰპირდა მხარდაჭერას, ტელევიზიით მოვისმინეთ, მტკიცებულება არ მაქვს და მელიასგან განსხვავებით, არ მაქვს უფლება, ბრალი დავდო
დიმიტრი შაშკინი - ხომ ცნობილი ამბავი იყო, რომ ხაზარაძე შეხვდა მელიას და დაჰპირდა მხარდაჭერას, ტელევიზიით მოვისმინეთ, მტკიცებულება არ მაქვს და მელიასგან განსხვავებით, არ მაქვს უფლება, ბრალი დავდო

მე ან სხვა ჩვენი მეგობარი როდესაც გამოვჩნდებით ტელევიზიაში, მოდის ტროლების და ბოტების იერიში, აქედან 64 პროცენტი არის „პოსტივის“ ბოტები, დაახლოებით 28-29 პროცენტი არიან „ლელოს“ მხარდამჭერები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტელევიზიით მოისმინა, რომ ხაზარაძე შეხვდა მელიას და დაჰპირდა პოლიტიკურ, ფინანსურ მხარდაჭერას.

ამასთან, როგორც შაშკინმა აღნიშნა, ნეგატიური კამპანია მიმდინარეობს ლევან ვარშალომიძის, ვანო მერაბიშვილისა და თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ.

„უკვე არაერთი მცდელობა იყო, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩაეგდოთ ხელში ადამიანებს, რომლებიც თვლიდნენ, ეს პარტია უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გარეშე და უნდა ეკუთვნოდეთ მათ. ყველა ეს მცდელობა დამთავრდა კრახით. რაც შეეხება ნეგატიურ კამპანიას. როდესაც არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობა“ მიშას გარეშე, რაც, სამწუხაროდ, უნდა ნიკა მელიას გუნდს, მინდა, ყურადღება მივაქციოთ ერთ ფაქტს. სამი ადამიანი აიყვანეს მიზანში და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნეგატიური კამპანია ამ სამი ადამიანის წინააღმდეგ იყო დაწყებული. პირველი – ლევან ვარშალომიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სტუდენტობის მეგობარია. ადამიანი, რომელმაც მიშასთან ერთად შექმნა ბათუმის სასწაული, ააშენა ბათუმი, შემდეგ ყოველთვის იყო მიშას გვერდით უკრაინაში; მეორე – გენერალი თემურ ჯანაშია, რომელიც 10 წელია დადის სასამართლო პროცესებზე იმის გამო, რომ მიშაზე არ მისცა ჩვენება. „პიჯაკების საქმე“ გრძელდება და გრძელდება, შეიძლება, ეს ადამიანი ხვალაც დაიჭირონ, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ერთგული ადამიანი; მესამე – ვანო მერაბიშვილი, რომელიც თითქმის 7 წელი იჯდა ციხეში იმის გამო, რომ არ მისცა მიშაზე ჩვენება. ეს სამი ადამიანი აიყვანეს მიზანში, ურტყამენ და ურტყამენ. მიხეილ სააკაშვილისთვის სამი ყველაზე ახლო ადამიანის წინააღმდეგ მუშაობს მთელი ფრონტი. ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, მაგალითად, როდესაც მე ან სხვა ჩვენი მეგობარი გამოვჩნდებით ტელევიზიაში, მოდის ტროლების და ბოტების იერიში. აქედან 64 პროცენტი არის „პოსტივის“ ბოტები, რომელიც აერთიანებს „პოსტივის“ გაშიარების თემას. დაახლოებით 28-29 პროცენტი არიან „ლელოს“ მხარდამჭერები. ტროლები ჰყავს რამიშვილს, ხოლო „ლელოს“ სახელ-გვარიანი პარტაქტივი უტევს ჩვენს ფეისბუქგვერდებს. ხომ ცნობილი ამბავი იყო, რომ ხაზარაძე შეხვდა მელიას და დაჰპირდა პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. ჩვენ ტელევიზიით მოვისმინეთ, მე მტკიცებულება არ მაქვს. ნიკა მელიასგან განსხვავებით არ მაქვს უფლება, რომ ბრალი დავდო. მე ხაზს ვუსვამ, რომ ტელევიზიის მეშვეობით იყო გავრცელებული ეს ინფორმაცია“, – განაცხადა შაშკინმა „ტვ პირველის“ ეთერში.