რომან გოცირიძე - ჩვენ გვინდა სამართლიანი, ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოს აშენება, ამიტომ ყველანი ერთის წინააღმდეგ გავერთიანდით
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოში ხალხს უჭირს, ჩამოშლილია ეკონომიკა და აქედან ჩანს, თუ როგორ „ზრუნავს“ ქვეყანაზე ხელისუფლება.
აღნიშნული კომენტარით რომან გოცირიძე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, რჩება შთაბეჭდილება, რომ „ოპოზიცია, ხელისუფლების ჟინით შეპყრობილი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში ხვდებიან – ქვეყანას აზიანებენ, მაგრამ იმხელაა ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი, რომ ამაზეც თვალს ხუჭავენ, „ქართული ოცნების“ ესთეტიკა კი ქვეყანაზე მეტი ზრუნვაა“.
გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნების“ რვაწლიანი მმართველობის შედეგი სახეზეა, რასაც ხალხი ხედავს და არჩევნებზე შესაბამისად აისახება.
„თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება ქვეყანაზე ამ ქვეყანას ეტყობა. სად არის ზრუნვის შედეგი. გაღატაკებული ხალხი, ჩამოშლილი ეკონომიკა, ზურგი აქცია, როგორც ხალხმა, ასევე საერთაშორისო პარტნიორება. ყოველდღიურად გაისმის კრიტიკა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან დაქვეყნებიდან დემოკრატიის უკანდახევისა და სასამართლო სისტემის ფეხქვეშ გათელვის გამო. თუ რაიმეს გაკეთება უნდოდათ 8 წელიწადი არ ეყოთ?! 8 წელიწადში დანგრეული კორეა აშენდა და აზიაში წამყვანი ქვეყანა გახდა. 9 წელიწადში საქართველო, წუმპეში ჩაწოლილი ქვეყანა, სადაც პენსია 14 ლარი იყო, ჩვენმა ხელისუფლებამ დააყენა ცივილიზებული განვითარების გზაზე.
როცა 8 წელიწადი არაფერი გაგიკეთებია, რატომ უნდა გენდოს ხალხი და რატომ უნდა განდონ საჭე მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. თუ არ გაგიკეთებია საქმე გუშინ, დღეს რატომ უნდა დაიჯეროს ამომრჩეველმა, რომ გააკეთებ ხვალ. ამიტომ 8-წლიანი მმართველობის შედეგი ჩანს სახეზე. ამას ყველა კარგად ხედავს და მისი შედეგი არჩევნებზე ასახული იქნება“,- განაცხადა გოცირიძემ.
ამასთან, გოცირიძის განმარტებით, ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა სურს, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში აჩვენა, რომ ვიდრე „ქართული ოცნება“ მართვის სადავეებთან იქნება, ქვეყანას კრიზისიდან და სიღატაკიდან გამოსვლა არ უწერია.
„ჩვენ გვინდა სამართლიანი, დემოკრატიული, ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოს აშენება. ამიტომ გავერთიანდით ყველანი ერთის წინააღმდეგ. ჩვენ ყველა ვართ 30-მდე პარტია, ერთი არის „ქართული ოცნება“და მისი დღევანდელი ხელისუფლება. ეს არის ამ წინასაარჩევნო პერიოდში საერთო ლოზუნგი. ყველა, წარუმატებელი ერთის წინააღმდეგ“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.