რომან გოცირიძე - ვფიქრობ, ფარული ჩანაწერები ნამდვილი არ არის, მაგრამ ნამდვილი თუ არის, უარესია ხელისუფლებისთვის, რომელიც ეწევა უკანონო მოსმენებს
ვფიქრობ, ფარული ჩანაწერები ნამდვილი არ არის, მაგრამ ნამდვილი თუ არის, უარესია ხელისუფლებისთვის, რომელიც ეწევა უკანონო მოსმენებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ვფიქრობ, ფარული ჩანაწერები ნამდვილი არ არის, და ნამდვილი თუ არის, უარესია ხელისუფლებისთვის, რომელიც უკანონო მოსმენებს ეწევა. სუს-ი, რომლის ფინანსური, ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების 99% იხარჯება პოლიტიკურ დევნაზე და გადაიქცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ნაწილად, კიდევ ერთხელ ავლენს თავის თავს, როგორც კანონდამრღვევად. ეს არის გაცილებით მძიმე, ვიდრე თუნდაც ის საუბარი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრთა უმეტესობამ მხარი კანონს არ დაუჭირა და ფეხბურთელების განცხადებები პროევროპულია.
„საქართველოს ნაკრებმა, თითქმის ყველამ, არ დაუჭირა მხარი რუსულ კანონს და მათი განცხადებები არის პროევროპული და იმ ახალგაზრდების მხარდამჭერი, რომლებიც ქუჩაში კანონპროექტს აპროტესტებენ. კვარაცხელიას განცხადება იყო მთავრობის კურსის საწინააღმდეგო და მან ერთმნიშვნელოვნად თქვა, ჩვენი ქვეყნის გზა არის ევროპაში და მხარს უჭერს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იდგნენ ქუჩაში. სპორტსმენებზე ზეწოლას ახდენენ სპორტული ფედერაციები, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ ასეულ მილიონობით ფულს, რომლის „ბობოლა“ წარმომადგენლები არიან პარლამენტში. სპორტსმენებზე ზეწოლას, პირველ რიგში, ხელისუფლება ახდენს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მისამართით, სავარაუდოდ, გამოთქმულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რომან გოცირიძე ამბობს, რომ გაეცნო თავად ნიკა გვარამიას პოსტს, სადაც ის ფაქტს უარყოფს, ამიტომ „არასწორ და მოგონილ საკითხებზე კომენტარს“ ვერ გააკეთებს.
საინფორმაციო სააგენტო For.ge-მ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ნიკა გვარამია, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისთან დაკავშირებით საუბრობენ და მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ.
ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.