რომან გოცირიძე - თავზე გადავახევთ, თუ მოსამართლეობის კანდიდატთა სია თადუმაძეებით, პირადი ადვოკატებითა და მომსახურე პერსონალით იქნება დაკომპლექტებული
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან დროულად რომ გადამდგარიყო, ქვეყანაში უამრავი დასახიჩრებული ადამიანი არ იქნებოდა.
გოცირიძის შეფასებით, უგუნური ხელისუფლება არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც ვნებს.
„ასობით ადამიანი დაზიანდა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს მოვლენა შეაფასეს, როგორც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. კობახიძის გადაყენება და ქუცნაშვილის ხურდაში მიყოლება ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი. ასევე საქართველოს კონსტიტუციაზე ძალადობა უნდა შეწყვიტოს ბიძინა ივანიშვილმა“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, მომავალ კვირას პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია შედის.
„მომავალ კვირას მათი ჭკუა გამოჩნდება, რადგან მოსამართლეთა სია შემოდის. თუ სია თადუმაძეებით, პირადი ადვოკატებითა და მომსახურე პერსონალით იქნება დაკომპლექტებული, თავზე გადავახევთ. საქართველო დღეს ის არ არის, რაც გუშინდელ დღემდე იყო. საქართველოს ხელისუფლებას ფარდა აეხადა, ბევრს ნიღაბი ჩამოეხსნა. ამ პარლამენტში ცხოვრება შეიცვალა, იმ სიას არ გავათრევინებთ“, – განაცხადა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 137 კაციანი სიიდან 50 შეარჩია. მოსამართლეობის მსურველები ფარული კენჭისყრით გუშინ გამოავლინეს. შემდეგ ეტაპზე გადავიდა მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ის შვიდი მოსამართლეც, რომლებიც გასულ წელს პარლამენტში წარდგენილ ათკაციან სიაში იყვნენ. შემდეგ ეტაპზე გადავიდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც.