რომან გოცირიძე - საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მავნებლურ პოლიტიკას ეწევა, რითაც სტრატეგიულ ინტერესებს აზიანებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებაში მავნებლურ პოლიტიკას ეწევა, რითაც საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს აზიანებს.
რომან გოცირიძე უკრაინაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის საქართველოს საგარეო უწყებაში კონსულტაციებისთვის გამოძახების საკითხს გამოეხმაურა.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ განახორციელა უსუსური, დიპლომატიური დემარში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, გავიდა დიდი დრო და ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხი ფაქტობრივად მინავლებულიყო და დამთავრებულიყო, ხელახლა აღვივებენ ამას, აძლევენ ოფიციალურ სტატუსს, იბარებენ ელჩს და ბუნებრივია, დიპლომატიური არხებით გავრცელდება ის, რომ საქართველოს ელჩი დაიბარეს, დატუქსეს და თურმე უკრაინასთან კვლავ არის უთანხმოება, უკმაყოფილება და საქართველოსა და უკრაინას შორის თურმე არსებობს პრობლემა. ეს არის რუსეთისთვის მაამებლური ქმედება. ეს პირდაპირ რუსეთის ინტერესებზე ასხამს წყალს.
უკრაინასთან რაიმე ფორმის უთანხმოება, კონფლიქტი, ქვეყანასთან, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელთან ერთადაც უფრო ადვილად შევალთ ევროატლანტიკურ სივრცეში, სახელმწიფო, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს, აი ასეთ ქვეყანასთან საქართველოს ხელისუფლება ეწევა მავნებლურ პოლიტიკას, რითაც აზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ეს პროცესი.
დაინახეს, რომ ვერაფერს დააკლებენ მიხეილ სააკაშვილს, დაცინვისა და ქილიკის ობიექტი ხდებიან, ვინაიდან ყოველი მათი ფაფხური და გაბრძოლება მთავრდება მორიგი შეურაცხყოფით. დანიშნეს მიხეილ სააკაშვილი? დანიშნეს? შეიძლება კიდევ უფრო მაღალ თანამდებობაზე დანიშნონ და იქნიონ ახლა ხელები ჩხუბის მერე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციების ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ელჩისგან მოისმინეს ინფორმაცია და იმსჯელეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივაზე იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც დღეისთვის არსებობს.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ელჩის კონსულტაციებზე დედაქალაქში გამოძახება დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯია.