საგარეო უწყება - დავაკვირდებით, რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება და ელჩის უკრაინაში დაბრუნებაზე ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება
საგარეო უწყება - დავაკვირდებით, რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება და ელჩის უკრაინაში დაბრუნებაზე ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციების ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებიდან აცნობეს, დღევანდელ შეხვედრაზე ელჩისგან მოისმინეთ ინფორმაცია და იმსჯელეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივაზე იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც დღეისთვის არსებობს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ელჩის კონსულტაციებზე დედაქალაქში გამოძახება დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯია.

უწყებაში აცხადებენ, რომ დააკვირდებიან, რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება და ელჩის უკრაინაში დაბრუნებაზე ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

„მოგეხსენებათ, რომ ელჩი საქართველოში დაბრუნების შემდგომ გადიოდა სავალდებულო კარანტინს. დღევანდელ შეხვედრაზე ელჩისგან მოვისმინეთ ინფორმაცია და ვიმსჯელეთ საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივაზე იმ მოცემულობის გათვალისწინებით რაც დღეისათვის არსებობს.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ელჩის კონსულტაციებზე დედაქალაქში გამოძახება გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი. ქართულმა მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოში მსჯავრდებული პირის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის გამო, რაც ქართული მხარის შეფასებით არ შეეფერება ორი ქვეყნის თანამშრომლობის სულისკვეთებას.

ბუნებრივია, ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება არ გულისხმობს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას და ასევე არ იგეგმება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა. საქართველო უკრაინასთან განაგრძობს მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებზე – იქნება ეს ტერიტორიების ოკუპაცია, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ჩვეულ რეჟიმში თანამშრომლობას.

ბუნებრივია ჩვენ დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

დატოვე კომენტარი