რომან გოცირიძე - საკანონმდებლო ორგანოში აგრესიულად მორჩილი უმრავლესობაა
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე მთავრობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან ოპოზიციამ ამხილა.
როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, ერთი წლის განმავლობაში, მთავრობის მხრიდან ქვეყნის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა და ყველგან უკუსვლა და ჩავარდნა იყო.
“მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას სწორედ ამ სიმართლის მოსმენა არ უნდოდათ. ოპოზიციის მხრიდან ერთი სიტყვაც არ თქმულა, რომელიც პოლიტიკურ შინაარსსა და კორექტულობას სცილდებოდა. ყველანი საპარლამენტო მუშაობის ჩარჩოში ვიყავით, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში აგრესიულად მორჩილი უმრავლესობაა. საპარალამენტო ვადა ისე ჩაივლის, რომ დეპუტატები საკუთარ ელემენტარულ როლს ვერ გამოაჩენენ. გუშინ ეს ყველაფერი გაუხარდათ, რადგან ფუნქცია გაუჩნდათ და დაინახეს, რომ რაღაცით შეუძლიათ, მთავრობის წინაშე წარსდგნენ. ეს ყველაფერი იმაში გამოიხატა, რომ სკამებზე უბრახუნებდნენ, დეპუტატებს უყვიროდნენ და მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ყველაზე სამარცხვინოა, რომ თავდასხმა მოახდინეს, როგორც ველურმა ცხოველებმა. ტურები რომ გამოძვრებიან ფილმებში და მსხვერპლს დაესევიან, ზუსტად ასეთი ეფექტი მოახდინეს, ოღონდ დაბალი კლასის ცხოველებივით, მაღალ კლასშიც კი ვერ ავიდნენ”, – განაცხადა გოცირიძემ.