რომან გოცირიძე - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" მხრიდან ღია, საჯარო შემოთავაზებას ველოდებით
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების ტაქტიკა იყო და რჩება, რომ საარჩევნო სისტემის საკითხზე დრო გააჭიანუროს და შემდეგ მოლაპარაკებები ჩაშალოს.
როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, უმრავლესობის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზების საკითხი ჭორის დონეზეა და მმართველი გუნდის მხრიდან ახალი ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა.
„კვლავ მორიგ ვირეშმაკობას მიმართავენ. უნდათ, მოატყუონ როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ასევე მოქალაქეები. დროის გაჭიანურება სურთ. ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური წინადადება არ ისმის. არავითარი აზრი არ აქვს იმის თქმას, რა არის ოპოზიციისთვის მისაღები, რადგან ამის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად განსხვავებული შემოთავაზება იქნება. ამიტომ, ველოდებით ღია საჯარო შემოთავაზებას „ქართული ოცნების” მხრიდან, რასაც არ აკეთებენ. თავად ავრცელებენ რაღაც ჭორებს, რომელიც არ არის ოფიციალური შეთავაზების ფორმით. ხელისუფლება მატყუარაა, ერთხელ გადააგდეს ხალხი და იგივეს მიმართავენ დღესაც. გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი და ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიზმარი ესიზმრება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში მონაწილე მმართველი გუნდის წევრები ვერ ამბობენ, რა სურთ.
„ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებაში მონაწილეობენ, ვერ ამბობენ რა სურთ, ვინაიდან ერთ წუთში შეიძლება, შეიცვალოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ივანიშვილის ახირების გამო”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.