რომან გოცირიძე - როგორც ჩანს, გვარები აერიათ, „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტს ხელს აწერს კობა ნაყოფია
რომან გოცირიძე - როგორც ჩანს, გვარები აერიათ, „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტს ხელს აწერს კობა ნაყოფია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება ლობისტურ კომპანიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას.

გოცირიძის მტკიცებით, ამერიკულ კომპანიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტს ხელს აწერს კობა ნაყოფია და არა ბათუ ქუთელია, როგორც ამას მამუკა მდინარაძე ამბობს.

„ქართული ოცნება“ გამოირჩევა სიცრუით, ორპირობით, ეწევა ამომრჩევლების მანიპულაციას და დღეს წარმოადგინეს რაღაც დოკუმენტი, თითქოსდა „ნაციონალური მოძრაობა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში აფორმებს ლობისტურ ხელშეკრულებას და ამ ხელშეკრულების მთავარი წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით თურმე ყოფილა ბათუ ქუთელია. როგორც ჩანს, აერიათ გვარები, „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტს ხელს აწერს კობა ნაყოფია, ნაყოფია სხვა არის და ბათუ ქუთელია სხვა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეეშალათ. ეს არის დოკუმენტი, ამ დოკუმენტს ხელს აწერს კობა ნაყოფია. როდესაც ეს კონტრაქტი ხდება „ქართული ოცნების“ კრიტიკის საგანი, აი ეს არის ძალიან სასაცილო და არასერიოზული. როდესაც „ქართული ოცნება“ აფორმებს მრავალმილიონიან კონტრაქტს ჩვენი ფულით, ასევე ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და არა საქართველოს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, სწორედ ესაა პრობლემა“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძემ განმარტა, რომ ოფიციალურ კონტრაქტში, რომელიც ამერიკულ კომპანიასთან გაფორმდა, მხოლოდ კობა ნაყოფიაა მოხსენიებული.

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელსაც ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსი აქვს.

მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა კონტრაქტი, რომელიც, მისივე თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ ვებგვერდზეა ატვირთული.