მამუკა მდინარაძე - ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელსაც ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსი აქვს
მამუკა მდინარაძე - ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელსაც ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსი აქვს

ორიონ სტრატეჯისა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის 2019 წელს გაფორმებული კონტრაქტში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომლის რეგალიაც დღეს არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი არის მკაფიო დადასტურება იმისა, „როგორ მივიდა „ნაციონალური მოძრაობა“ სისტემური დანაშაულიდან სისტემურ მანიპულაციამდე“.

მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა კონტრაქტი, რომელიც მისივე თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ ვებგვერდზეა ატვირთული.

„მთავრობა იყენებს ლობისტებს, ამაში სკანდალური არაფერია, თუმცა მგონია, რომ სკანდალური რეალურად შეიძლება გახდეს ეს ინფორმაცია, რომელსაც მე ახლა გავახმოვანებ. ბოლო კონტრაქტი გაფორმებული „ორიონ სტრატეჯისა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის თარიღდება 2019 წლის ოქტომბრის თვით და მოქმედების პერიოდი ერთი წელი სრულდება 2020 წელს ოქტომბერში. კონტრაქტის მიხედვით, ლობისტური კომპანია ოპოზიციურ პარტიას, ანუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შემთხვევაში, უნდა დაეხმაროს ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში. ეს არის მითითებული კონტრაქტში, ამ ფორმალური მიზნის ქვეშ რა საქმიანობაც უნდა განახორციელოს ლობისტურმა კომპანიამ, ალბათ ყველასთვის ნათელია. კონტრაქტი არის ღიად ატვირთული ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ პორტალზე. ამაში, რა თქმა უნდა, გასაოცარი, უჩვეულო და სკანდალური მით უმეტეს არაფერია, რომ არა იმ პირის ვინაობა, რომელიც კონტრაქტში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად არის მითითებული. როგორც ვიცით, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ეს ადამიანი არ უნდა იყოს ფორმალურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საჯარო სივრცეში მოქმედებს ე.წ. სამოქალაქო არასამთავრობო სექტორის და ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსით. საუბარია ბათუ ქუთელიაზე, რომლის რეგალიეც დღეს არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი.

იმის მიუხედავად, რომ ბათუ ქუთელიას „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არაერთი უმაღლესი თანამდებობა ეკავა, იგი დღეს ცდილობს წარდგეს საზოგადოების წინაშე, როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური წარმომადგენელი არასამთავრობო სექტორისა და შექმნას ქოლგა არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით, თავის დღის წესრიგს შეუქმნას ეს ქოლგა და ასე ოპოზიციონირდეს საზოგადოების წინაშე. ეს დოკუმენტი არის მკაფიო დადასტურება იმისა, როგორ მივიდა „ნაციონალური მოძრაობა“ სისტემური დანაშაულიდან სისტემურ მანიპულაციამდე“,- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილებით მანიპულირებს.

​მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე, თუ ვინმემ გაბედა და არასამთავრობო სექტორის რომელიმე წარმომადგენელს დაინტერესებული ან მიკერძოებული უწოდა. ქუთელიას შემთხვევა კიდევ ერთხელ მტკიცებულების სახით ცხადყოფს იმას, რასაც ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ ხოლმე. „ნაცმოძრაობა“, მისი სატელიტები, რომლებიც რიგ შემთხვევებში ცდილობენ, მოგვევლინონ სხვადასხვა პარტიების მედიასაშუალებების თუ არასამთავრობო სექტორის სახელით, სისტემური დანაშაულიდან მივიდა სისტემურ მანიპულაციამდე და ამ გზით ცდილობენ, შექმნან რაღაც ილუზია, თითქოს ერთი მხრივ ოპოზიციური პარტიაა, მეორე მხრივ სხვა ოპოზიციური პარტიები, მესამე მხრივ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მეოთხე მხრივ მედია დგას თითქოს ერთ აზრზე, სინამდვილეში ჩვენ საქმე გვაქვს ერთიან წარმონაქმნთან, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ასეთი ტყუილებით მანიპულირებს“,- აცხადებს მდინარაძე.

დატოვე კომენტარი