რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვებაზე საუბარი ბაქიბუქია
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვებაზე საუბარი მხოლოდ ბაქიბუქია.
როგორც ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ განუცხადა, მმართველმა გუნდმა კონსტიტუციური ცვლილებები იმიტომ ჩააგდო, რომ იცის, ხალხის რეაქცია „ქართული ოცნების“ წარუმატებელი რვაწლიანი საქმიანობის გამო და ახლა ხავსს ებღაუჭება.
„ეს ხავსი არსებული სისტემის შენარჩუნებაა, ამ სისტემითაც კი ვერაფერს ვერ გაწვდებიან, ნებისმიერი სისტემით „ქართული ოცნება“ წასულია პოლიტიკურ ისტორიაში. ერთადერთი შანსი აქვთ, ოპოზიციაში დარჩნენ. ამიტომ, დროის გაწელვა არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება. რომელ საკონსტიტუციო უმრავლესობაზეა საუბარი, როცა ყველა გამოკითხვა „ქართული ოცნების“ 20-პროცენტიან რეიტინგს აჩვენებს? ოპოზიციის ჯამური ხმები ორჯერ აღემატება „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტების ჯამურ ხმას. ძალიან შეშინებული არიან, არ იციან, რა მოიმოქმედონ“, – აღნიშნავს გოცირიძე.
დეპუტატის თქმით, ამ დრომდე უცნობია, საარჩევნო სისტემაზე მეხუთე რაუნდი როდის გაიმართება.
„უამრავი კომპრომისი შევთავაზეთ, „გერმანული მოდელი“, გერმანულის მოდიფიცირებული მოდელი, არსებულ სისტემაშიც კი მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის იდეაც, რომელიც უფრო ახლოს იყო მანდატების სამართლიან გადანაწილებასთან. ყველა შეთავაზება უარყვეს, ახლაც იტყუებიან. 100/50 არის მოტყუების, დროის გაწელვისა და უცხოელებთან სახის მობანვის ერთ-ერთი მცდელობა. ჩვენს პარტნიორებს კონგრესშიც ატყუებენ, რომ რაღაც სერიოზულ მოლაპარაკებაზე მოდიან“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
დეპუტატის მოსაზრებით, ხელისუფლების სურვილია, რომ არჩევნებამდე არსებული სისტემით როგორმე მივიდეს.
„არაფერი გამოუვათ, ნებისმიერ სისტემაში „ქართული ოცნება“ უკვე დამარცხებულია. მათი მიზანია მოლაპარაკებების ჩაშლა, არავითარი ოთხი რაუნდი არ ყოფილა, ეს იყო დროის მოგების მცდელობა, მაგრამ დრო ოპოზიციის, ანუ, ხალხის სასარგებლოდ მუშაობს. კვლავ არის მცდელობა დროის მოგების, პრობლემების გადაგორების. უნდათ, რომ მოლაპარაკებების რაუნდები იმ იმედით გადადონ, რომ იმ საყოველთაო გულისწყრომას ჩააწყნარებენ, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ არის მთელს მსოფლიოში. ისინი ფიქრობენ, რომ მოჩვენებითი მოლაპარაკებებით რაღაც დროს მოიგებენ, დრო „ქართულ ოცნებაზე“ არ მუშაობს, ოპოზიციაზე მუშაობს. იმედი გვაქვს, რომ გონს მოეგებიან და ისეთ საარჩევნო კანონს მიიღებენ, რომელიც გამოხატავს როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ასევე პარტნიორების ინტერესებს“, – განაცხადა გოცირიძემ.