რომან გოცირიძე - „ქართულ ოცნებას“ საკონტიტუციო უმრავლესობის დაშლა არ ადარდებს, ამას არსებითი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება
რომან გოცირიძე - „ქართულ ოცნებას“ საკონტიტუციო უმრავლესობის დაშლა არ ადარდებს, ამას არსებითი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება

საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლას არსებითი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება, – ამის შესახებ დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების ავტორმა დეპუტატებმა უმრავლესობა დატოვონ და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშალოს.

გოცირიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის საკითხი არ ადარდებს.

„საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლას არსებითი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება, ვინაიდან უკვე თავისი გაინაღდეს, კონსტიტუცია მოირგეს საკუთარ თავზე, ამიტომ მათ არ ადარდებთ საკონტიტუციო უმრავლესობის დაშლა, მაგრამ სინამდვილეში, უმრავლესობა არის დაშლილი, მორალურად განადგურებული“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, უმრავლესობაში სრული გაუგებრობაა და ისინი კონცენტრირებული არიან იმაზე, რომ შეცდომა არ დაუშვან.

„უმრავლესობაში არის სრული გაუგებრობა, ვერ აცნობიერებენ რა მოხდა და რა აკადრეს ასეთი უფროსს, რომელმაც სულ ორიოდე კვირის წინ, ერთგული და აქტიური ადამიანები მოიმდურა და გარიყა თავისი სიახლოვიდან. ამიტომ უმრავლესობის აზროვნება გადართულია იმაზე, რომ რამე შეცდომა არ მოუვიდეთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საკონსტიტუციო უმრავლესობა 113 დეპუტატს გულისხმობს. ამჟამად, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს.

პარლამენტის ცხრა წევრმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა. მას ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.