რომან გოცირიძე - პრეზიდენტმა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურები არ უნდა წარმოადგინოს, თუმცა მას არავინ არაფერს ეკითხება
ცესკო-ს კანდიდატების შესარჩევი საკონსკურსო კომისიის შემადგენლობას თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ პრეზიდენტს არავინ არაფერს ეკითხება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა საკონკურსო კომისიის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი და წევრობის ხუთი კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით.
გოცირიძის თქმით, პრეზიდენტს ისეთი კომისია შეუდგინეს, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისთვის მიუღებელ კანდიდატურას წარმოადგენდა.
„ეს კიდევ ერთი უხეში დარღვევაა შარლ მიშელის შეთანხმების. ახლა ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებენ, რომელსაც პარლამენტი არ დაამტკიცებს პირველი-მეორე მაღალი კვორუმით და იქნება დროებითი, ექვსთვიანი ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც დაბალი კვორუმით „ქართული ოცნების“ მიერ იქნება დამტკიცებული.
ფაქტობრივად, ეს არის ამ პროცესის ჩაშლა. პრეზიდენტმა ეს ორი კანდიდატურა არ უნდა წარმოადგინოს, თუმცა მას არავინ არაფერს ეკითხება. ეროვნულ ბანკში ორი კანდიდატურა წარმოადგინა, რადგან წინა ორი ჩაუგდეს, დაამცირეს და ახლა მთავრობის კანდიდატურა შემოვიდა მინისტრების მოადგილეების სახით. პრეზიდენტს რომ ვუთხრათ, ცესკო-ს თავმჯდომარე არ წარმოადგინოთო, ფორმალობა იქნება, რადგან ის არის მორჩილი ადამიანი და თავის ფუნქციას ავტონომიურად ვერ ასრულებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.