რომან გოცირიძე - ორი დღის წინ ვთქვი, რომ ნიკა მელიას თავიდან ერთ ღერ თმასაც ვერ ჩამოუგდებდნენ, აი, საღსალამათი გამოვიდა
დღევანდელი გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ რომან გოცირიძე არამარტო ლართან დაკავშირებით აკეთებს პროგნოზებს, არამედ სხვა პროგნოზებსაც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხდა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.
„მე ორი დღის წინ ვთქვი, რომ ნიკა მელიას თავიდან ერთ ღერ თმასაც ვერ ჩამოუგდებდნენ. აი, საღსალამათი გამოვიდა. ასე რომ, რაც ვთქვი, ახდა.
ახლა, რაც შეეხება უფრო სერიოზულად, ძალიან დიდი იყო საერთაშორისო ზეწოლა ევროკავშირიდან, აშშ-დან, ძალიან დიდი იყო საზოგადოების მღელვარება, სახალხო დამცველმაც მხარი დაუჭირა ნიკა მელიას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. საქმე იმდენად აშკარად იყო შეთითხნილი, რომ ექვსი მოწმიდან ოთხი იყო პოლიციელი, ორი კი – „ ქართული ოცნების“ აქტივისტი“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, იყო ზეწოლა დეპუტატებზე, რომ თუ პარლამენტი პატიმრობის შესახებ თანხმობას არ მისცემდა, მათ „ქართულ ოცნებას“ დაატოვებინებდნენ.
„ჩვენ ერთი რამ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ გაანადგურა ბიძინა ივანიშვილმა. იყო ხელების გადაგრეხვა, სხვადასხვა ფორმით ზეწოლა, ადამიანებზე ზემოქმედებდნენ, თუკი პარლამენტში არ იქნებოდა ნებართვა მიღებული პატიმრობის შესახებ, დაატოვებინებდნენ „ქართულ ოცნებას“. არ არის გამორიცხული, კიდევაც გააგდონ ადამიანები, ვინც კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა ან მხარი არ დაუჭირა. ამის შემდეგ, ფაქტობრივად,„ქართული ოცნების“ ღირსება აყრილი დეპუტატები შემოგვრჩა პარლამენტში. მათ უკვე არ აქვთ არავითარი საზოგადოებრივი, პოლიტიკური წონა. გაძარცვა, პოლიტიკურად გააღატაკა და რატომ გააკეთა, ძალიან უცნაურია, მაგრამ შესაძლებელია, მას ჰქონდა იმედი, რომ ზემოქმედება არ იქნებოდა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
მისი თქმით, არავინ უნდა დაიჯეროს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო.
„ნურავინ დაიჯერებს, რომ გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო, ეს შეუძლებელია. სასამართლოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი. ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ დღეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო საერთაშორისო ზეწოლის გამო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
სასამართლომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გუშინ საქართველოს პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა.