რომან გოცირიძე - „ოცნებისგან“ ყველაფერია მოსალოდნელი, ისეთი მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს, რომელთაგან ათი მდუმარე დეპუტატი იყო
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის ჩასმა ცინიკური და სამარცხვინო გადაწყვეტილებაა.
როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, „ქართული ოცნებისგან“ ყველაფერია მოსალოდნელი, რადგან ისეთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს, რომელთაგან ათი მდუმარე დეპუტატი იყო.
„ზოგს სახეზეც არ ვიცნობ. ოთხი წელი გავიდა და 12 დეპუტატიდან ათს ხმა არ ამოუღია. ამაზე მეტი გასაკვირი რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ კიდევ გვაკვირვებენ. „ქართული ოცნებისგან“ სამარცხვინო, ცინიკური და დამამცირებელი შემოთავაზებაა, რომ პროპორციულ სიაში სვამენ ადამიანს, რომელმაც მოქალაქეს ღირსება შეულახა და არაადამიანურად მოექცა. ისტორია ვიცით, მაშინ თუ რა მოხდა. ეს იქნება საზოგადოების დაცინვა, თუ „ქართული ოცნება“ გაბედავს, გათავხედდება და ამ პირს სიაში შეიყვანს“, – განაცხადა გოცირიძემ.
თემურ აბაზოვმა გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება.
მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე გულიევის მიმართ.
თემურ აბაზოვს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2018 წლის 14 ივნისს შეუფარდა, 2018 წლის 13 დეკემბერს კი აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2020 წლის 12 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც.