რომან გოცირიძე - ნატო-ს სამიტების დეკლარაციაში ეტაპობრივად ჩანს, როგორ ღალატობს „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესებს, როგორ უახლოვდება რუსეთს, რომ ქვეყანამ პოლიტიკური ორიენტაცია შეცვალა
ნატო-ს სამიტზე რაც მოხდა, ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ქვეყნის ინტერესების ღალატის პირდაპირი დადასტურებაა, ნატო-ს სამიტების დეკლარაციებში ეტაპობრივად ჩანს, თუ როგორ ღალატობს „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესებს, როგორ უახლოვდება რუსეთს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე საქართველო მრავალჯერ მოიხსენიეს, 2023 წლის ვილნიუსის სამიტის ყველა თეზისში კი ყველაფერი გაიმეორეს, ხაზგასმული იყო ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, წლევანდელ დოკუმენტში კი საქართველოს ხსენება არ არის.
„ნატო-ს სამიტზე რაც მოხდა, ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ქვეყნის ინტერესების ღალატის პირდაპირი დადასტურებაა. ნატო-ს სამიტების დეკლარაციებში ეტაპობრივად ჩანს, თუ როგორ ღალატობს „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესებს, როგორ უახლოვდება რუსეთს. ეს ზუსტად იმ რიტორიკასა და პოლიტიკას ემთხვევა, რასაც „ქართული ოცნება“ აწარმოებდა. 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე საქართველო მრავალჯერ იყო მოხსენიებული, ხოლო ვილნიუსის სამიტის ყველა თეზისში იყო გამეორებული. ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი გააჩნია, რათა სრულფასოვნად გაწევრიანდეს ნატო-ში. ვილნიუსის 2023 წლის სამიტზე ეს ნაწილი უკვე არ იყო ტექსტში, მიუხედავად ამისა, რომ ბევრჯერ იყო საქართველო ნახსენები და ხაზგასმული მისი ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა. ამ დოკუმენტში საქართველოს ხსენება არ არის. ყველა მნიშვნელოვანი თეზისი ამოღებულია. საქართველო ნახსენებია მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ რუსეთმა მოლდოვიდან და საქართველოდან ჯარი უნდა გაიყვანოს. აქამდე „ქართულმა ოცნებამ“ მიგვიყვანა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ჩაიკეტა, ნატო-ს კარი ჩაიკეტა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველომ თავისი პოლიტიკური ორიენტაცია, ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალა.
„საქართველო ხელისუფლებასა და მარიონეტ დეპუტატებს ამ ღალატს არ აპატიებს. ამისი გამოსწორება შესაძლებელია, თუ არჩევნების შემდეგ ამ ხელისუფლებას თავიდან მოვიცილებთ და ხელახლა ავაგებთ ურთიერთობას ევროკავშირთან და ნატო-სთან. ამ ხელისუფლების ძალაუფლებაში დარჩენის შემთხვევაში საქართველო სამუდამოდ მოწყდება დასავლურ სამყაროს და რუსეთის ნაწილი გახდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.