რომან გოცირიძე - მოსალოდნელი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ეუთო/ოდირის რეკომენდაციას გაითვალისწინებს
ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, მოსალოდნელი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ეუთო/ოდირის რეკომენდაციას გაითვალისწინებს და ყურად იღებს მკაცრ გაფრთხილებას, რასაც საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას აძლევენ.
გოცირიძე გამოეხმაურა ეუთო/ოდირის 2022 წლის 18 თებერვლის დასკვნას, რომელიც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა განუცხადა, სანამ ამ გადაწყვეტილებას ეუთო/ოდირი მიიღებდა, იგივე შეიძლებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გაეკეთებინა და ის პროცესი შეეჩერებინა, რაც პარლამენტში წარიმართა, მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლოს ყველა შტო, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი პარტიის მართვის ქვეშაა და ამ საქმის გაჭიანურების შედეგიც გამოჩნდა.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ანტიკონსტიტუციური და უსამართლო ქმედება იყო.
„ეს კანონი უნდა იყოს შეჩერებული და თავიდან უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ეუთო-ს გადაწყვეტილება ამხელს ქვეყანაში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო ინსტიტუტის არარსებობასაც, რადგან სალომე ზურაბიშვილს ცვლილებებზე ვეტოს უფლება რომ გამოეყენებინა, ეს განსხვავებული პოლიტიკური თუ სამართლებრივი განწყობილება იქნებოდა და ჩვენი მოქალაქეების კოლექტიური აზრი ხელისუფლებას აიძულებდა, ეს ნაბიჯი არ გადაედგა. ძალაუფლების უზურპაციის კიდევ ერთი ფორმა ვნახეთ. არც ერთი ბერკეტის ხელიდან გაშვება არ უნდათ, რაც მათ უკანონო ძალაუფლებას შეუნარჩუნებს. ამიტომ არ არის მოსალოდნელი, რომ რაიმე სასიკეთო მოხდება და ყურად იღებენ მკაცრ გაფრთხილებას, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აძლევენ ხელისუფლებას“, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ეუთო/ოდირს მიმართა.
როგორც ლომჯარია ამბობს, მიზანი იყო, ეუთო/ოდირს წარმოედგინა მოსაზრება, რამდენად შეესაბამებოდა მიღებული ცვლილებები ადამიანის უფლებებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობის პრინციპებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. ნინო ლომჯარიამ დღეს განაცხადა, რომ 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა და ეუთო/ოდირის-გან მიღებული პასუხები გამოაქვეყნა.
ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, გასაჯაროვდეს სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი შეკითხვები, რათა ცხადი გახდეს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ცვლილებებზე დასკვნები.