რომან გოცირიძე - მეუფე იაკობის განცხადებაზე ხელისუფლებამ გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
რომან გოცირიძის თქმით, გამოძიების არ დაწყება ნიშნავს ხელისუფლების მიერ დანაშაულის აღიარებას.
„დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ გამოძიება. უმძიმესი ფაქტებია მოყვანილი, მათ შორის, დასახელებულია ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და გამოძიების არ დაწყება ნიშნავს პირდაპირ დანაშაულის აღიარებას. ის განცხადება, რომ თითქოსდა ეს ყოფილიყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული, არის სამართლებრივად აბსოლუტური სისულელე, ვინაიდან ნებისმიერი ადამიანი ვისაც რამე ჩაუდენია იტყვის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში გააკეთა ეს განცხადება. უამრავი ჩანაწერი, ვითომ „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას საბურავებით და რომელიც დამონტაჟებულია, იყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული. აი, ახლა ვიტყვი, რომ უნდა დავამხოთ საქართველოს რვა წლის განმავლობაში ქვეყნის დამანგრეველი ხელისუფლება და მოვაწყოთ რევოლუცია, ოღონდ წინასწარ გეუბნებით, ორი ჭიქა არაყი მაქვს დილით დალეული და ეს იქნება გამამართლებელი საბუთი იმ განცხადებისა, რასაც ახლა ვაკეთებ? რა თქმა უნდა, ეს არის არასერიოზული განცხადება. იქ მოყვანილია უმძიმესი ფაქტები. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მეუფე იაკობის მხრიდან გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები პირველი შემთხვევა არ ყოფილა.
„ზოგი ამბობს, რომ ამის სჯერა, ზოგი ამბობს, რომ არ სჯერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სისულელეა და ასეთი გამონათქვამი როგორ შეიძლება, იგივე, თუნდაც იუსტიციის მინისტრისაგან, რომელიც უმძიმეს ამბავს ისმენს. ამიტომ მჯერა და არ მჯერა არის რწმენის საკითხი, მაგრამ მოხდა თუ არ მოხდა ეს არის გამოძიების საკითხი. ამიტომაა საჭირო, ხელისუფლებამ დაიწყოს გამოძიება და იქ გაირკვევა, იყო ეს სიმართლე თუ არ იყო. თუ ჩვენ გავიხსენებთ, ანალოგიური განცხადება მეუფე იაკობს ჰქონდა გაკეთებული მანამდე, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ოღონდ რბილი ფორმით და უფრო მეტად მინიშნებებით და თანაც ერთი-ორი გვარიც დაასახელა. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, ეს იყო მისი სხვა განცხადებების გაგრძელება უფრო გულწრფელი და უფრო ღია ფორმით. ამიტომ, დროულად არ გამოძიების დაწყება ნიშნავს ფაქტობრივად ხელისუფლების მიერ ამ პროცესებში საკუთარი მონაწილეობის აღიარებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვდნენ და ამ საკითხზე შეხვედრა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გაიმართა.
ამასთან, მეუფე იაკობმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა – „სამი წელი ისეთი რამეები ვიცოდი… როგორც მონაზონს, გულში მქონდა, ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი და ვთქვი“.