რომან გოცირიძე - ძალიან კარგია, თუ კაბელი გაივლის საქართველოდან ევროპაში, შავი ზღვის ფსკერზე, მაგრამ კაბელი ერთია და კაბელში დენი უნდა გადიოდეს, სად არის დენი?!
რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუ კაბელი გაივლის საქართველოდან ევროპაში, შავი ზღვის ფსკერზე, მაგრამ კაბელი ერთია და კაბელში დენი უნდა გადიოდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძე გამოეხმაურა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს.
„სად არის დენი?! ჩაფლავდა ამ ათი წლის განმავლობაში. ვერც „ნენსკრა“ აშენდა, ვერც „ხუდონი“. „ნამახვანს“ რა უქნეს, აგერ ვნახეთ ამ ბნელი ძალების, რუსეთის მიერ მართული ადამიანებისა და ქართული ხელისუფლების უსუსურობისა და ხელშეწყობის გამო. ამიტომ აქ თუ ვერ გაივლის დენი, ალბათ აზერბაიჯანში წარმოებული ელექტროენერგია გაივლის და ჩვენ ვიქნებით ტერიტორია გამტარი, მეტი არაფერი. ამიტომ ენერგეტიკა არის ამ 10-წლიანი „ქართული ოცნების“ მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სფერო. ექსპორტიორი ქვეყანა, იმპორტიორად გადავიქეცით. არცერთი სერიოზული დიდი გენერაციის ობიექტი არ შევიდა მწყობრში“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს რომან გოცირიძემ.