„როიტერის“ ინფორმაციით, ლიბიამ თურქეთს სამხედრო მხარდაჭერის თხოვნით ოფიციალურად მიმართა
ლიბიამ თურქეთს სამხედრო მხარდაჭერის თხოვნით ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საერთაშორისოდ აღიარებულმა მთვარობამ ოფიციალურ ანკარას სამხედრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მხარდაჭერა მოწინააღმდეგეების მიერ დედაქალაქ ტრიპოლის დაკავებისთვის ხელის შეშლის მიზნით თხოვა.
26 დეკემბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტს ლიბიაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის მოთხოვნით მიმართავს. როგორც თურქეთს პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ მანდატის საშუალებით ოფიციალურ ანკარას ტრიპოლის დასახმარებლად გაცილებით მეტი შესაძლებლობები ექნება.
რამდენიმე დღის წინ თურქეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა მემორანდუმს, რომელიც თურქეთსა და ლიბიას შორის სამხედრო თანამშრომლობას მოიცავს. შემდეგ კი დოკუმენტი ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაამტკიცა.
2011 წელს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან. ქვეყნის დასავლეთს, სადაც დედაქალაქი ტრიპოლი მდებარეობს, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს.