„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის გამო, საავადმყოფოები გადატვირთულია
ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის გამო, საავადმყოფოები გადატვირთულია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
პეკინის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, პაციენტების უმრავლესობა ხანდაზმულია და მათ საკმაოდ მძიმე სიმპტომები აქვთ, უმეტესად პნევმონიით გამოხატული.
„როიტერთან“ საუბრის დროს ქალაქ ქსიანის ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომელი ამბობს, რომ მიმდინარე კვირას სასწრაფო დახმარების ჯგუფის თითქმის ყველა ექიმი ვირუსით დაავადდა.
ჩინეთის დაავადებათა ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე კვირაში ქვეყნაში კოვიდით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობას, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სტატისტიკას კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ასაჯაროებენ.