„როიტერის“ ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიერ ნასროლი „ატაკამსის“ ტიპის რვა რაკეტიდან ორის განეიტრალება შეძლო, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ბრიანსკის ოლქში ხუთი რაკეტა ჩამოაგდეს
„როიტერის“ ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიერ ნასროლი „ატაკამსის“ ტიპის რვა რაკეტიდან ორის განეიტრალება შეძლო, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ბრიანსკის ოლქში ხუთი რაკეტა ჩამოაგდეს

რუსეთმა უკრაინის მიერ ნასროლი „ატაკამსის“ ტიპის რვა რაკეტიდან ორი რაკეტის განეიტრალება შეძლო, – ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

უკრაინული წყაროები ირწმუნებიან, რომ „ატაკამსის“ რაკეტებით დაბომბეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს არსენალი ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევში.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ექვსი რაკეტიდან ხუთი ჩამოაგდეს, რომლებიც ბრიანსკის ოლქში სამხედრო ობიექტის მისამართით იყო ნასროლი, რის შემდეგაც ნამსხვრევები მოხვდა ობიექტს და გამოიწვია მცირე ხანძარი.

ქალაქი კარაჩევი უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 130 კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის არსენალში არსებული „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრამდეა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმდინარე კვირაში მისცა ნებართვა უკრაინას, გამოიყენოს „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებული სამიზნეების გასანადგურებლად. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „ატაკამსის“ გამოყენება აშკარა სიგნალია, რომ დასავლეთს სურს კონფლიქტის ესკალაცია.