„როიტერი“ - ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის ოთხმეტრიანი დისტანციის დაცვა საჭირო გახდა, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრამდე კორონავირუსზე ტესტის ჩატარებაზე უარი თქვა
„როიტერი“ - ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის ოთხმეტრიანი დისტანციის დაცვა საჭირო გახდა, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრამდე კორონავირუსზე ტესტის ჩატარებაზე უარი თქვა

ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის დროს ოთხმეტრიანი დისტანციის დაცვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა კრემლის მოთხოვნაზე და პუტინთან შეხვედრამდე კორონავირუსზე „პისიარ“-ტესტირება არ ჩაიტარა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა „პისიარ“-კვლევაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ არ სურდა, მისი დნმ-ის მონაცემებზე რუსეთს ჰქონოდა წვდომა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ტესტზე უარის თქმა ნიშნავდა შეხვედრას ხელის ჩამორთმევის გარეშე და გრძელ მაგიდას, მაგრამ ვერ დავუშვებდით, რომ მათ წვდომა ჰქონოდათ პრეზიდენტის დნმ-ის მონაცემებზე“, – განუცხადა წყარომ „როიტერს“.

სააგენტოს ინფორმაციით, ემანუელ მაკრონს რუსეთში გამგზავრების წინ საფრანგეთში „პისიარ“-ტესტირება ჩატარებული ჰქონდა, თუმცა რუსული მხარისთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

მაკრონთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ ჟომარ თოყაევს უმასპინძლა. გავრცელებულ კადრებში პუტინი და თოყაევი ერთმანეთს ხელსაც ართმევენ და ახლო დისტანციაზეც სხედან.