„როიტერი“ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ კიევი რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ უკრაინის მთავრობა დამატებით საბრძოლო იარაღის მოპოვებასა და ბრძოლის ველზე პოზიციების დაკავებას ცდილობს, რათა გააძლიეროს თავისი პოზიცია რუსეთთან მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ „როიტერი“ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
როგორც „როიტერთან“ საუბარში მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით განაცხადა, შემდეგი ოთხი-ხუთი თვე იქნება გადამწყვეტი ამ ომში.
„ეს ზამთარი კრიტიკული მომენტია. ვიმედოვნებ, რომ ომი დასასრულს მიუახლოვდება. ახლა ჩვენ განვსაზღვრავთ ორივე მხარის პოზიციებს მოლაპარაკებებში“, – ამბობს წყარო.
როგორც მაღალჩინოსანი ამბობს, უკრაინაში ახლა ელოდებიან, თუ ვინ დაიკავებს ტრამპის ადმინისტრაციაში მთავარ პოზიციებს, რათა მიხვდნენ, რა პოლიტიკას გაატარებენ თანამდებობის პირები უკრაინასთან მიმართებაში.
უკრაინაში შიშობენ, რომ ტრამპმა, შესაძლოა, შეუწყვიტოს კიევს დახმარება.
„მე ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ეცდება ამ რისკის თავიდან აცილებას დახმარების ტემპის დაჩქარებით“, – ამბობს მაღალჩინოსანი.