„როიტერი“ - თურქეთის ქალაქებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები იმართება, სტამბოლში პოლიციამ აქციის დასაშლელად წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა, დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი
„როიტერი“ - თურქეთის ქალაქებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები იმართება, სტამბოლში პოლიციამ აქციის დასაშლელად წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა, დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი

პალესტინის მხარდამჭერი აქციები თურქეთის სულ მცირე ათ ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის ანკარაში, ისრაელის საელჩოს წინ.

„როიტერის“ ცნობით, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც თურქეთის უდიდეს ქალაქში, სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს შენობაში შესვლას ცდილობდა.

სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, დაკავებულია ხუთი ადამიანი.

„როიტერი“ წერს, რომ საკონსულოს ირგვლივ უსაფრთხოების ძალები არიან განთავსებული, მობილიზებულია ასობით პოლიციელი და დაახლოებით 10 წყლის ჭავლის მანქანა.

ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ გააფრთხილა ისრაელელები თურქეთში მოგზაურობის საფრთხის შესახებ და მოუწოდა თურქეთში მყოფ ისრაელის მოქალაქეებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ თურქეთი. ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართვის შემდეგ, ისრაელის ავიახაზებმა განაცხადეს, რომ დანიშნავდნენ ფრენებს სტამბოლიდან ისრაელელებისთვის, რომლებსაც სურთ თურქეთის დატოვება.