„როიტერი“ – თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ 2028 წელს დაგეგმილი არჩევნები შესაძლოა, ვადაზე ადრე ჩატარდეს, ეს ერდოღანს შესაძლებლობას მისცემს, კენჭი კიდევ ერთხელ იყაროს
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრჩეველი მეჰმეთ უჯუმი აცხადებს, რომ თურქეთში 2028 წელს დაგეგმილი არჩევნები, შესაძლოა, ვადაზე ადრე ჩატარდეს.
მედიის ცნობით, ამ ნაბიჯის მეშვეობით პრეზიდენტ ერდოღანს შესაძლებლობა მიეცემა, კონსტიტუციურ შეზღუდვებს გვერდი აუაროს და თანამდებობაზე კენჭი კიდევ ერთხელ იყაროს.
„როიტერის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ახალი საარჩევნო სისტემა არჩევნებში ორვადიან ლიმიტს აწესებდა, კონსტიტუცია მას ხელახლა კენჭისყრის უფლებას მისცემს, თუ პარლამენტი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.
ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთს, თითქმის 23 წელია, მართავს, თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის, შემდეგ კი პრეზიდენტის რანგში. 2017 წლის რეფერენდუმის შედეგად მას პრეზიდენტად ხელახლა ორჯერ არჩევის საშუალება მიეცა 2018 და 2023 წლებში. ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის თურქეთის პარლამენტის, მინიმუმ, სამი მეხუთედის მხარდაჭერაა საჭირო, რაც 600-დან 360 კანონმდებლის თანხმობას ნიშნავს. ერდოღანის მმართველ სამართლიანობისა და განვითარების პარტიას (AKP) და მის მოკავშირეებს 331 ადგილი აქვთ, ამიტომ მათ სხვა პარტიებისგან, მინიმუმ, 29 დამატებითი ხმა დასჭირდებათ.