„როიტერი“ - საფრანგეთის ქუჩებში დაძაბულობა იკლებს, შემცირდა დაპატიმრებები
საფრანგეთის ქუჩებში დაძაბულობა იკლებს, კვირას ღამით დაპატიმრებები შემცირდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებულ აქციაზე არეულობების დროს გასულ ღამეს 160-მდე ადამიანი დააკავეს. აქციების დროს 45 000 პოლიციელიდან დაშავდა სამი. ამასთან, წინასწარი მონაცემებით, დაზიანდა 350 შენობა და 300 მანქანა.
საფრანგეთში არეულობა და საპროტესტო მსვლელობები ლოზუნგით „სამართალი ნაჰელისთვის“ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრულის მიერ პარიზის გარეუბან ნანტერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული 17 წლის ახალგაზრდა პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა. გუშინ პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებიამ ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდა. მოზარდის ბებიის განცხადებით, „მეამბოხეები 17 წლის ნაჰელის სიკვდილს იყენებდნენ, როგორც საბაბს ნგრევის გამოწვევისთვის, ხოლო ოჯახს სიმშვიდე სურს“.