„როიტერი“ - რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას არ დაექვემდებარებიან ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალები, ბანკირები და სახელმწიფო მედიის თანამშომლები
რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას არ დაექვემდებარებიან ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალები, ბანკირები და სახელმწიფო მედიის თანამშომლები. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, მობილიზაციას არ დაექვემდებარებიან კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში დასაქმებულები. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კონკრეტული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების მუშაობის უზრუნველსაყოფად, ასევე იმისთვის, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია არ აისახოს რუსეთის ფინანსურ სისტემაზე. გაწვევას არ დაექვემდებარებიან IT-სპეციალისტები, ტელეკომუნიკაციის სფეროში დასაქმებულები, ფინანსისტები, ასევე „სისტემატურად მნიშვნელოვანი“ მედიასაშუალებების თანამშრომლები.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კომპანიების ხელმძღვანელობამ უნდა წარადგინოს იმ დასაქმებულთა სიები, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა. თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ გაწვევას დაქვემდებარება 300 ათასი ადამიანი, თუმცა მობილიზაციის გამოცხადების შესახებ განკარგულებაში გასაიდუმლოებულია ის ნაწილი, რომელიც ეხება გასაწვევ პირთა რაოდენობას. გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი მილიონამდე ადამიანის რეკრუტირებას გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია უარყო რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.