„როიტერი“ - რუსეთმა ჩინეთში საიდუმლოდ შექმნა უპილოტო საფრენი აპარატის ახალი მოდელი
„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთში საბრძოლო დრონის ახალი მოდელი დაამზადა, რომლის გამოყენებასაც უკრაინის წინააღმდეგ ომში აპირებს. როგორც სააგენტო წერს, დრონის გამოცდა ჩინეთის ტერიტორიაზე წარმატებით ჩატარდა.
სააგენტოს საგამოძიებო სტატია ეხება იჟევსკის ელექტრომექანიკურ ქარხანა „კუპოლს“, რომელსაც რუსული სახელმწიფო კონცერნი „ალმაზ-ანტეი“ აკონტროლებს. „როიტერის“ ცნობით, „კუპოლმა“ ჩინელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით შექმნა და 2024 წლის დასაწყისში ჩინეთში გამოცადა უპილოტო საფრენი აპარატი „ჰარპია-3“.
„კუპოლის“ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „ჰარპია-3“-ს შეუძლია 50 კგ-მდე ტვირთის გადატანა და დაახლოებით 2000 კმ-ის გაფრენა. ჩინეთში გამოცდის შემდეგ „ჰარპია-3“-ის და სხვა დრონების რამდენიმე ეგზემპლარი, რომლებიც ჩინეთში დამზადდა, იჟევსკში გადაიტანეს შემდგომი ტესტირებისთვის.
„კუპოლმა“ ასევე აცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომ შეუძლია აღნიშნული დრონები ჩინეთში „ფართო მასშტაბით“ აწარმოოს.
იჟევსკის საწარმომ, „ალმაზ-ანტეიმ“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „როიტერის“ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ დრონების ახალი მოდელის წარმოების შესახებ არაფერი იციან და პეკინი უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტს მკაცრად აკონტროლებს.
ცნობისთვის, სექტემბრის დასაწყისში ამერიკულმა გამოცემა „ნიუსვიქმა“ განაცხადა, რომ 2022 წლის შუა პერიოდიდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გაგზავნა 13 ათასზე მეტი საზღვაო კონტეინერი, რომლებშიც სავარაუდოდ იარაღი იყო განთავსებული.
სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, კონტეინერებში შეიძლება, ყოფილიყო ექვს მილიონზე მეტი 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი, ასევე 122 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და სხვა სამხედრო ტექნიკა.
გარდა ამისა, რუსეთი სამხედრო დახმარებას იღებს ირანისგან. უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის რუსეთის მიერ გამოყენებული Shahed დრონების გარდა, თეირანმა მოსკოვს გადასცა მცირე მანძილის მოქმედი ბალისტიკური რაკეტები.