„როიტერი“ - ნატო მზადაა, იმოქმედოს კოსოვოში მშვიდობის დასამყარებლად
„როიტერი“ - ნატო მზადაა, იმოქმედოს კოსოვოში მშვიდობის დასამყარებლად

ნატო მზადაა, იმოქმედოს კოსოვოში მშვიდობის დასამყარებლად, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, ნატო-ს ძალები კოსოვოში მზად არიან, გაუმკლავდნენ ნებისმიერ ძალადობრივ სიტუაციას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობას.

„ჩვენ ვგეგმავთ ნებისმიერი სახის გარემოებებთან გამკლავებას, სწორედ ამიტომ მივიღეთ დამატებითი ძალები. ჩვენ არ ვრეაგირებთ – ჩვენ ვმოქმედებთ“, – განაცხადა ნატო-ს ჯარების მეთაურმა.

ნატო-ს ჯარების მეთაურის, ანჯელო მიქელე რისტუჩიას ცნობით, ბოლო დღეებში შედარებით სიმშვიდის მიუხედავად, ვითარება ძალიან დაძაბულია.

„ამ ეტაპზე არ არსებობს სამხედრო გადაწყვეტა, რადგან ამ სიტუაციის მოგვარების ერთადერთი გზა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებულია ორივე მხარის ნებაზე ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის დეესკალაცია“, – აღნიშნა რისტუჩიამ.

კოსოვოს ჩრდილოეთში, რომელიც ძირითადად ეთნიკური სერბებით არის დასახლებული, უმძიმესი დაძაბულობაა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წელს. ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც კოსოვოს ჩრდილოეთით ჩატარებულ არჩევნებში ეთნიკურად ალბანელმა კანდიდატებმა დაიკავეს თანამდებობები და სერბებმა, რომლებიც რეგიონში უმრავლესობას შეადგენენ, ბოიკოტი გამოუცხადეს კენჭისყრას.

სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა გასულ კვირას, როდესაც სერბეთმა სადავო გარემოებაში, სასაზღვრო ზონაში დააკავა სამი კოსოვოელი პოლიციელი.