„როიტერი“ - ლიზ ტრასი რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო იერიშების შემდეგ, ნატო-ს ლიდერების საგანგებო შეხვედრის მოწვევას მოითხოვს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე ინტენსიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, ნატო-ს ლიდერების საგანგებო შეხვედრის მოწვევას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერის ოფისის ცნობით, დღეს დაგეგმილ სხდომაზე ლიზ ტრასი „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მოუწოდებს, რომ უკრაინის მხარდაჭერაში სიმტკიცე შეინარჩუნონ და ნატო-ს ლიდერების სხდომის მოწვევას მოითხოვს.
როგორც ლიზ ტრასმა განაცხადა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდება, არის შანსი, რომ მათ დაადასტურონ ინტერვენციის წინააღმდეგ ერთიანობა.
„არავის უნდა მშვიდობა უკრაინაზე მეტად. ჩვენი მხრიდან, ჩვენ იოტისოდენა ყოყმანიც კი არ უნდა გვქონდეს ჩვენს მტკიცე მზადყოფნაში, დავეხმაროთ მას გამარჯვებაში“, – ნათქვამია ტრასის განცხადებაში, რომლის წარმოთქმასაც, „როიტერის“ ცნობით, ის „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრაზე აპირებს.