„როიტერი“ - კრემლი უარყოფს აშშ-ის ინფორმაციას მოსკოვის მხრიდან ახალი ბირთვული შესაძლებლობების შესახებ და ამას „ბოროტ ფაბრიკაციას“ უწოდებს
კრემლი უარყოფს აშშ-ის ინფორმაციას მოსკოვის მხრიდან ახალი ბირთვული შესაძლებლობების შესახებ და ამას „ბოროტ ფაბრიკაციას“ უწოდებს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კომენტარს არ გააკეთებს ამ ინფორმაციის შინაარსზე, ვიდრე თეთრი სახლი არ გამოაქვეყნებს დეტალებს. მისივე თქმით, ვაშინგტონის გაფრთხილება აშკარად არის მცდელობა, უკრაინის დასახმარებლად კონგრესისგან მეტი თანხა მიიღოს.
„აშკარაა, რომ თეთრი სახლი ცდილობს, ყველა გზა გამოიყენოს, რათა კონგრესმა ხმა მისცეს კანონპროექტს დაფინანსების გამოყოფისთვის. ვნახოთ, რა ხრიკებს გამოიყენებს თეთრი სახლი“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, „ენბისი ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც შექმნილია აშშ-ის თანამგზავრებისთვის დასამიზნებლად. როგორც მედია იუწყება, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდა, გაასაჯაროოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საშიშროებას“ ეხება. საკითხზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და აღნიშნა, რომ საფრთხე, რომელიც, შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოებას რუსეთისგან ემუქრებოდეს, არ არის აქტიური შესაძლებლობა.