„ენბისი ნიუსი“ - რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც შექმნილია აშშ-ის თანამგზავრებისთვის დასამიზნებლად
„ენბისი ნიუსი“ - რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც შექმნილია აშშ-ის თანამგზავრებისთვის დასამიზნებლად

რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც შექმნილია აშშ-ის თანამგზავრებისთვის დასამიზნებლად, – ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდა, გაასაჯაროოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საშიშროებას“ ეხება.

ტერნერმა თქვა, რომ მისმა კომიტეტმა „კონგრესის ყველა წევრს მიაწოდა ინფორმაცია სერიოზული საფრთხის შესახებ“.

„ენბისი ნიუსის“ სამი წყაროს ინფორმაციით, ტერნერი გულისხმობდა რუსეთის ძალისხმევას კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე, რომელსაც შეეძლო იმ თანამგზავრების განადგურება, რომლებიც გადამწყვეტია აშშ-ის სამოქალაქო კომუნიკაციებისთვის, ნავიგაციის, სამხედრო ოპერაციებისა და დაზვერვის მასალების შეგროვებისთვის.

როგორც „ენბისი ნიუსი“ წერს, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ საქმე „სერიოზულადაა“, მაგრამ არსებობს გზები, რათა „შეაკავონ“ საფრთხე მასობრივი პანიკის გამოწვევის გარეშე.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, განაცხადა, რომ ამ თემაზე კონგრესის კომიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა დღეის არის დაგეგმილი.

ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა აღნიშნა, რომ ტერნერის განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

„მინდა, დავარწმუნო ამერიკელი ხალხი, რომ არ არის საჭირო საზოგადოებრივი პანიკა. ჩვენ ვაპირებთ, ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხის გადასაჭრელად. მე არ შემიძლია, გავამჟღავნო საიდუმლო ინფორმაცია და ნამდვილად არ შემიძლია მეტის თქმა, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, გვინდა, დაგარწმუნოთ, რომ ამაზე ვმუშაობთ და განგაშის საჭიროება არ არის“, – განაცხადა ჯონსონმა.