„როიტერი“ - კანადა უცხოელი ვიზიტორებისთვის და დროებითი მობინადრეებისთვის სულ უფრო ნაკლებ ვიზას გასცემს და ოფიციალური დოკუმენტების მქონე მეტ ადამიანს საზღვრიდან აბრუნებს
„როიტერი“ - კანადა უცხოელი ვიზიტორებისთვის და დროებითი მობინადრეებისთვის სულ უფრო ნაკლებ ვიზას გასცემს და ოფიციალური დოკუმენტების მქონე მეტ ადამიანს საზღვრიდან აბრუნებს

კანადა უცხოელი ვიზიტორებისთვის და დროებითი მობინადრეებისთვის სულ უფრო ნაკლებ ვიზას გასცემს და ოფიციალური დოკუმენტების მქონე მეტ ადამიანს საზღვრიდან აბრუნებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

სასაზღვრო სააგენტოს მონაცემებით, ივლისში კანადამ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა 5 843 უცხოელ მოგზაურს, რომელთა შორის იყვნენ სტუდენტები, დასაქმებულები და ტურისტები. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წლის იანვრის შემდეგ. მესაზღვრეებმა 2024 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ყოველთვიურად საშუალოდ 3 727 უცხოელი მოგზაური გააბრუნეს უკან, რაც წინა წლის ამავე მაჩვენებელზე 20%-ით მეტია.

ამას გარდა, სასაზღვროს ოფიცრებმა ივლისში ქვეყანაში არ დაუშვეს კანადის ვიზის 285 მფლობელი, რაც ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია, სულ მცირე, 2019 წლის იანვრიდან.

ამასთან, კანადის იმიგრაციის დეპარტამენტი ნაკლებ ვიზას გასცემს. უარყოფილი სავიზო განაცხადების თანაფარდობა გაცემულ ვიზებთან მიმართებით ივნისში ყველაზე მაღალი იყო პანდემიის პიკის შემდეგ. მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალში, მაისსა და ივნისში უარყოფილი სავიზო განაცხადების რაოდენობა აღემატებოდა გაცემული ვიზების რაოდენობას.

მედიასაშუალება წერს, რომ უცხოელი მოგზაურები ქვეყანაში შეშვებაზე სულ უფრო მეტ უარს იღებენ იმ მიზეზით, რომ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალური მთავრობა მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების წინ ცდილობს, დროებითი მობინადრეებისა და სავარაუდო მუდმივი იმიგრანტების რაოდენობა შეამციროს. იმიგრაცია კანადაში საცხოვრებლის ნაკლებობასა და მაღალ ფასებს განაპირობებს. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ სულ უფრო მეტი კანადელი ამბობს, რომ კანადა ზედმეტად ბევრ იმიგრანტს იღებს.