„როიტერი“ - ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორის საზღვართან პალესტინელი მოკლეს
ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორის საზღვართან პალესტინელი მოკლეს.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
სამხედროების განცხადებით, ღაზას სექტორის საზღვართან ათასზე მეტი პალესტინელი შეიკრიბა და ისრაელელი სამხედროების მიმართულებით ქვები და ასაფეთქებელი ნივთიერებები ისროლეს. ისრაელელ სამხედროებს შეკრებილი პალესტინელების დასაშლელად ცეცხლის გახსნა მოუწიათ.
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაღუპულია ერთი და დაჭრილია ხუთი პალესტინელი, მათ შორის ბავშვი, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია.
პალესტინელები სატრანსპორტო ბლოკადას აპროტესტებდნენ, რომელიც ისრაელმა მიმდინარე კვირას დააწესა დაჯგუფება „ჰამასიდან“ მომდინარე საფრთხის თავის არიდების მიზნით. დაჯგუფების წევრები ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით აალებადი ნივთიერების შემცველ საჰაერო ბუშტებს უშვებენ, რაც ხშირ შემთხვევაში ხანძარს იწვევს. საპასუხოდ კი, ისრაელი „ჰამასის“ ობიექტებზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეტაკებები მიმდინარე წლის მაისში მიმდინარეობდა, რასაც სულ მცირე 250 პალესტინელი და 13 ისრაელელი ემსხვერპლა. 11 დღიანი შეტაკებების შემდეგ, ეგვიპტის შუამდგომლობით მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს, თუმცა პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის მცირე შეტაკებებს მაინც აქვს ადგილი.