„როიტერი“ - ისრაელი და „ჰამასი“ დღეს გასათავისუფლებელი მძევლებისა და პატიმრების სიებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ
ისრაელი და „ჰამასი“ დღეს გასათავისუფლებელი მძევლებისა და პატიმრების სიებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალებას ანონიმურად ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, კატარელი შუამავლები მუშაობენ მხარეებთან სიებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად, ასევე მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლების პროცესში შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
დღეს, დილით ისრაელის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ „ჰამასმა“ გადასცა 11 მძევლის სია, რომელთა გათავისუფლებასაც დაჯგუფება დღეს გეგმავს. ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ამჟამად სიას სწავლობენ უსაფრთხოების სამსახურები.
ამასთან, მხარეები ზავის გაგრძელებას არ გამორიცხავენ. ცეცხლის შეწყვეტის თითოეული დღის სანაცვლოდ, ისრაელი „ჰამასისგან“ 10 მძევლის გათავისუფლებას ითხოვს. თითოეული გათავისუფლებული ისრაელელი მძევლის ნაცვლად, ისრაელის ხელისუფლება სამ პალესტინელ პატიმარს ათავისუფლებს.
ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ღაზაში ტყვეობაში ამ დრომდე რჩება 7 ოქტომბერს გატაცებული 184 ადამიანი, მათ შორის 14 უცხო ქვეყნის მოქალაქე და 80 ორმაგი მოქალაქეობის მქონე ისრაელელი.