„როიტერი“ - ირანმა აშშ-თან მომდევნო მოლაპარაკებების დაწყებამდე ევროპის ქვეყნებს შეხვედრა შესთავაზა
„როიტერი“ - ირანმა აშშ-თან მომდევნო მოლაპარაკებების დაწყებამდე ევროპის ქვეყნებს შეხვედრა შესთავაზა

ირანმა აშშ-თან მომდევნო მოლაპარაკებების დაწყებამდე ევროპის ქვეყნებს შეხვედრა შესთავაზა, – ამის შესახებ „როიტერს“ ოთხმა დიპლომატმა ანონიმურად განუცხადა.

უფრო კონკრეტულად, ირანულმა მხარემ შეხვედრა შესთავაზა დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებს.

რისი განხილვა სურს ირანს ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან, უცნობია, თუმცა „როიტერი“ წერს, რომ დღის წესრიგში შეიძლება იყოს სანქციების გაუქმების მექანიზმი ბირთვული პროგრამის შეწყვეტის სანაცვლოდ, რომელიც  2015 წლის შეთანხმებაში შედის.

„ევროპელებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ გვსურს ახალი შეთანხმება და მზად ვართ, მივიღოთ ზომები ურანის გამდიდრების შესაზღუდად, მაგრამ ამისთვის დრო გვჭირდება“, – განუცხადა სააგენტოს ირანულმა წყარომ.

შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისიდან აშშ-მა და ირანმა დაიწყეს მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ომანის შუამავლობით. ამერიკულ მხარეს სტივ უიტკოფი წარმოადგენს, ხოლო ირანულს – საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.