„როიტერი“ - „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მომხმარებლების ნაწილს დროებით საშუალება ექნება, განათავსონ ძალადობის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში

კომპანია „მეტა“ პლატფორმების – „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში დროებით საშუალებას მისცემს, განათავსონ ძალადობის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, კომპანია ასევე დაუშვებს დროებით ისეთ პოსტებს, რომელიც გამოხატავს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების სიკვდილის მოწოდებებს.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ჩვენ დროებით დავუშვით პოლიტიკური გამოხატვის ისეთი ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივ არღვევს ჩვენს წესებს, მაგალითად, ძალადობის ენის შემცველი ფრაზები, როგორიცაა – „სიკვდილი რუს დამპყრობლებს“, თუმცა ჩვენ არ ვუშვებთ ძალადობრივ მოწოდებებს რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის პოლიტიკის დროებითი ცვლილება ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.