„როიტერი“ - „ფეისბუქი“ მონიშნავს ყველა ჩანაწერს, სადაც ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ იქნება დისკუსია
სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ მონიშნავს ყველა ჩანაწერს, სადაც ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ იქნება დისკუსია. ამის შესახებ საუბარია მსოფლიოში უდიდესი სოციალური ქსელის მიერ გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბლოგპოსტში.
როგორც მედია წერს, ყველა მსგავს ჩანაწერს ექნება მინიშნება, რომ ავტორიზაციის მიღებამდე ყველა ვაქცინა გადის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შემოწმებას.
„ფეისბუქში“ ასევე განაცხადეს, რომ მხოლოდ თებერვალში ფეისბუქიდან და ინსტაგრამიდან წაშალეს 2 მილიონი ჩანაწერი, რომელიც კორონავირუსისა და ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას შეიცავდა.
სოციალურმა ქსელმა ასევე დროებით შეზღუდა იმ ადამიანების ჩანაწერების ხელმისაწვდომობა, რომლებიც ხშირად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ცრუ ცნობებს.
ამასთან, როგორც „ფეისბუქის“ პროდუქტების მენეჯერმა კრის კოქსმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა, სოციალური ქსელი ვაქცინების შესახებ გავრცელებულ ცრუ ცნობებს სერიოზულად უდგება, მაგრამ მისივე თქმით, ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეშფოთებული არიან. „ზოგიერთი ადამიანი მათ განცხადებას არასწორ ინფორმაციას უწოდებს, ზოგი კი უბრალოდ ეჭვებს“.
„საუკეთესო გზა იქნებ ამ ადამიანების დისკუსიებში გამოჩნდნენ ექსპერტები, რომლებიც სანდო და ავტორიტეტულ ინფორმაციას მიაწვდიან“, – განაცხადა კოქსმა.
ამასთან ერთად, „ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ამერიკელი მომხმარებლებისთვის აამოქმედებენ სპეციალურ ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებითაც მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ სად არის შესაძლებელი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება.