„როიტერი“ - ევროკავშირის სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბელარუსში თვითმფრინავის იძულებით დასმა იქნება
ევროკავშირის სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბელარუსში თვითმფრინავის იძულებით დასმა იქნება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე, რომელიც 24-25 მაისს უნდა გაიმართოს ბრიუსელში, რუსეთთან და დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობები უნდა განხილულიყო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბელარუსში „რაინერაის“ თვითმფრინავის იძულებით დასმა იქნება.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროპული კომპანიის თვითმფრინავის მიმართულების ცვლილება „მიუღებელი ნაბიჯია“ და ევროკავშირის სამიტი აღნიშნული საკითხის განხილვით გაიხსნება.
ბორელის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტი შესაძლოა, ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საბაბად იქცეს. მისი თქმით, სანქციები შესაძლოა, დაწესდეს ბელარუსის საჰაერო სივრცეში ევროპული კომპანიების ფრენების აკრძალვის, ბელარუსის ავიაკომპანია „ბალავიას“ ევროკავშირის აეროპორტებში დაფრენის აკრძალვის ან ბელარუსიდან ევროკავშირში ყველა ტრანზიტის, მათ შორის სახმელეთო ტრანზიტის გაუქმების თაობაზე.
„რაინეარის“ თვითმფრინავი, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ოპოზიციურად განწყობილი დამოუკიდებელი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა, რომელიც სამართალდამცველმა ორგანოებმა დააკავეს.