„როიტერი“ - ევროკავშირის ქვეყნების ჯგუფს სურს, ბრიუსელს უბიძგოს, დააწესოს გაზის საფასურის ზედა ზღვარი
„როიტერი“ - ევროკავშირის ქვეყნების ჯგუფს სურს, ბრიუსელს უბიძგოს, დააწესოს გაზის საფასურის ზედა ზღვარი

ევროკავშირის ქვეყნების ჯგუფს სურს, ბრიუსელს უბიძგოს, დააწესოს გაზის საფასურის ზედა ზღვარი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ შესაბამისი წერილის პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირმა წარმოადგინა საგანგებო ზომების პაკეტი ენერგორესურსებზე მზარდ ფასებთან გასამკლავებლად, თუმცა თავი შეიკავა გაზის ფასზე ზედა ლიმიტის დაწესებაზე. აღნიშნულმა იდეამ ევროკავშირის 27 წევრს შორის უთანხმოება გამოიწვია.

აღნიშნული ინიციატივის მომხრეები გეგმავენ, მიმართონ ევროკომისიას წერილით და სთხოვონ, პარასკევს ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე გაზის საფასურის ზედა ზღვარის დაწესების საკითხი დღის წესრიგში დააყენოს, შემდეგ კი შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინოს.

„როიტერის“ ცნობით, წერილის ხელმოწერას დაახლოებით ათი ქვეყანა გეგმავს, მათ შორის ბელგია, იტალია, პოლონეთი, მალტა და საბერძნეთი.

წერილის პროექტში აღნიშნულია, რომ გაზის საფასურის ზედა ზღვრის დაწესება დაეხმარება ქვეყნებს, გაუმკლავდნენ ინფლაციურ ზეწოლას ოჯახებსა და ბიზნესზე. იდეის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ღირებულების ლიმიტის დაწესება შესაძლებელია იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიწოდების უსაფრთხოება.

ინიციატივის მოწინააღმდეგეები, რომელთა შორის არიან გერმანია, ნიდერლანდები და დანია, მიიჩნევენ, რომ გაზის საფასურის ზედა ზღვრის დაწესებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მიწოდების უსაფრთხოებას.