„როიტერი“ - ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს
„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს რამდენიმე ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
ევროპელი დიპლომატების თქმით, სანქციების ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, 24 თებერვალს იქნება მზად. ამ ეტაპზე ევროკავშირში არ აკონკრეტებენ, რა ახალი შეზღუდვების დაწესებას აპირებენ.
როგორც ვარაუდობენ, სანქციების მეათე პაკეტის თემის წინ წაწევას ევროპელი დიპლომატების ნაწილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე შეეცდება, რომელიც ორშაბათს, 23 იანვარს არის დაგეგმილი.
ევროკავშირს ასევე სურს უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო მხარდაჭერის – 500 მილიონი ევროს ღირებულების მორიგი ტრანში დამტკიცებაც. ამ ეტაპზე მის გადაცემას უნგრეთი ბლოკავს.