„როიტერი“ - „დიდი ოცეულის“ სამიტზე ბრაზილიის პრეზიდენტმა უკრაინაზე დისკუსიები შეწყვიტა, რამაც ევროპელების აღშფოთება გამოიწვია
„დიდი ოცეულის“ სამიტზე ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ უკრაინაზე დისკუსიები შეწყვიტა, რამაც ევროპელების აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ცნობით, ევროპელი დელეგატები ბრაზილიაში, სამიტზე უკმაყოფილო იყვნენ ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომელმაც ერთი დღით ადრე დაასრულა მოლაპარაკებები და გამოსცა ჯგუფის საბოლოო განცხადება, რათა შეეზღუდა მძაფრი დისკუსია უკრაინის ომზე.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, წუხს, რომ „დიდი ოცეულის“ კომუნიკე არ უსვამს ხაზს რუსეთის პასუხისმგებლობას უკრაინის ომის დაწყებაში, განსაკუთრებით მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღეს.
დიპლომატების ინფორმაციით, კომუნიკე, ჩვეულებრივ, სამიტის ბოლოს ქვეყნდება, მაგრამ ლულამ გადაწყვიტა ტექსტის დამტკიცება პლენარული სესიის დასრულებისას, როდესაც საფრანგეთის, გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერები ოთახში არ იყვნენ.
„კომუნიკე პრეზიდენტმა ლულამ დახურა. ეს არ შეესაბამებოდა იმ პოზიციას, რომლის დაკავებაც შეგვეძლო. ეს არაფერს ცვლის საფრანგეთის პოზიციაში: ეს არის აგრესიული ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი პრიორიტეტი დღეს ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
„როიტერი“ წერს, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის საქციელს ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა „სასტიკი“ უწოდა.
ბრაზილიელი დიპლომატების მტკიცებით, ბრაზილიამ დააჩქარა კომუნიკეს დამტკიცება 18 ნოემბრის ღამით, რათა თავიდან აეცილებინა სამიტის საბოლოო დეკლარაციის გარეშე დამთავრების რისკი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები ომში რუსეთის როლზე უფრო მკაცრ პოზიციას ითხოვდნენ.