„როიტერი“ - ჩინეთმა შანხაის სავაჭრო გამოფენის გახსნისთვის მომზადებული შარლ მიშელის ვიდეომიმართვა არ გაუშვა
ჩინეთის ხელისუფლებამ შანხაის სავაჭრო გამოფენის გახსნის ცერემონიალისთვის მომზადებული ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიდეომიმართვა არ გაუშვა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, წინასწარ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში შარლ მიშელი აკრიტიკებდა რუსეთის უკანონო ომს უკრაინაში და მოუწოდებდა ჩინეთზე ევროკავშირის სავაჭრო დამოკიდებულების შემცირებისკენ.
„როიტერის“ ცნობით, შარლ მიშელის გარდა, გახსნით ცერემონიაზე ასევე სიტყვით უნდა მიემართათ მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს. ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინის მიმართვის შემდეგ გავიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ინდონეზიის, შრი-ლანკისა და ბელარუსის პრეზიდენტების მიმართვები.